ბიზნესწილები ვერ გაიყვეს: ხელვაჩაურში თურქეთის 4 მოქალაქე მოკლეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ნაქირავებ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული ჭრილობების შედეგად სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთი, მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა - გარდაცვლილთა ასაკი 19-დან 27 წლამდეა.
ადგილობრივების თქმით, თურქეთის მოქალაქეებს შორის ურთიერთშელაპარაკება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება.
სამართალდამცელებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დაკავეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან.