თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 2.366 და წვრილმანი ხულიგნობის 2.091 ფაქტი დააფიქსირეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალი წაუყენეს 2.311 პირს, მათგან 83 ქალია - დაკავებულთა ასაკი 18-დან 40 წლამდეა.
აღნიშნული კანონდარღვევისთვის პოლიციამ ასევე ბრალი წაუყენა 37 არასრულწლოვანს და 60 წელს ზემოთ 34 პირს.
რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2.091 პირს დააკისრა, მათგან 91 ქალია. წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებულთაგან 35 არასრულწლოვანი, 30 კი 60 წელს ზემოთ პირია.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევების ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება თბილისსა და აჭარის რეგიონში, ყველაზე ნაკლები - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.