თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა.
„არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის - აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
თბილისის ცენტრალურ გამზირებზე - რუსთაველზე, მელიქიშვილსა და ჭავჭავაძეზე, სადაც 3 დეკემბრის ღამეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, ამ დროისთვის ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
3 დეკემბრის ღამეს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.