თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 27 წლის მამაკაცმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტროსადენებსა და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 6-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.