ჯანდაცვის სამინისტრო - აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პარლამენტთან გუშინ გამართული აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაწყებული დაპირისპირება აქციის დაშლით დამთავრდა.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი 33 ადამიანიდან 13 მომიტინგე, მედიის 4 წარმომადგენელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელია.
სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, პაციენტების ნაწილმა კლინიკა დატოვა, ნაწილი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.