თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. 56 წლის ქართველ ქალს გერმანიაში ქართველების არალეგალურად შეყვანისთვის პატიმრობა მიესაჯა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გერმანიაში ტურისტული სააგენტოს მფლობელი იყო. მან ნიურნბერგის სასამართლოში აღიარა, რომ თავისი ბიზნეს-საქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა შექმნა ე.წ. სრული პაკეტის ტიპის სერვისი, რომელიც მოიცავდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, ფრენების ორგანიზებასა და სამუშაო ადგილების მოძიებას. თითოეული ადამიანისთვის აღნიშნული მომსახურების საფასური 150-200 ევროს შეადგენდა.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ქალი, ნიურნბერგის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, რომელმაც არალეგალების დასაქმებაში მიიღო მონაწილეობა. მას 15,6 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.