თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ ორმხრივ ვაჭრობაში პოტენციალის რეალიზებისთვის, განაცხადეს ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას, მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა.
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეექვსე, ხოლო უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე პოზიციაზეა. 2024 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 5,6%-ია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, ისე, თანამშრომლობაზე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციის სფეროში. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მზარდია აზერბაიჯანის ინვესტიციების ოდენობა საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ, 2023 წელს ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3018 პროცენტით გაიზარდა.
აზერბაიჯანის ინვესტორების ინტერესი დაფიქსირდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მშენებლობის, საფინანსო სექტორის, მრეწველობის, უძრავი ქონების, კომუნიკაციების და სხვა სექტორებში.
ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე რეგიონულ პროექტებში.
მათ შორის, საუბარი წარიმართა შუა დერეფნის მარშრუტზე, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვის მოცულობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ აღნიშნულ დერეფანში დამატებითი ტვირთნაკადის მოსაზიდად არსებული სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მიმართულებით.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ასევე საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე არსებული ვითარება, აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტზე, რომლის ერთობლივ განვითარებაშიც საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანია ჩართული. საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელმაც საქართველოს ელექტროსისტემა ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს.
აღინიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ტურიზმის სექტორში.
ორმხრივი ურთიერთობები
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
გარდა ამისა, საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში - ეს არის შუა დერეფანი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანა ევროკავშირის ქვეყნებამდე.