ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო გამოძიება დაიწყო

ინციდენტი მოხდა ცესკოს სხდომაზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაჯამებლად დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის“, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა. მომხდარის გამო ცესკოს სხდომა 40 წუთით შეწყდა. სხდომათა დარბაზში დაბრუნებისას კალანდარიშვილს თვალის არეში შესამჩნევი დაზიანება აღენიშნებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე ცესკოს მიმართვის საფუძველზე აღიძრა.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14
პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ამგვარად, მმართველმა პარტიამ რეკორდი მოხსნა და არჩევნების შედეგების მიხედვით მეოთხედ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება - მან ამომრჩეველთა დაახლოებით 54%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს ფარული კენჭისყრის პრინციპი მასიურად დაირღვა, მეორეც, ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების გამოყენებით „კარუსელები“ მოხდა.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები ფარული კენჭისყრის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩევლები ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდნენ.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
წყარო - შსს