პრემიერი: მთავრობის მიზანია კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ქვეყანა მოწინავე გახდეს

სოფლიო ბანკმა საქართველოს მსოფლიოში – 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილი მიანიჭა.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავს ამბიციური მიზანი დაუსახა - ქვეყანაში კორუფცია იმ დონემდე შემცირდეს, რომ საქართველო მსოფლიო ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „კორუფცია სახელმწიფო მოხელეებს შორის“ თანახმად, საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მსოფლიოში – 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილი მიანიჭა. კობახიძის თქმით, ეს მაჩვენებელი სიამაყის საფუძველს იძლევა.
„ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი, რაზეც მე პარლამენტში გამოსვლისას ვსაუბრობდი - ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით", - განაცხადა კოახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ კარგი ტემპი აიღო კორუფციის დონის კიდევ უფრო შესამცირებლად. ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის მიმდინარე წელსაც.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, გამჭვირვალედ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
„კორუფცია სახელმწიფო მოხელეებს შორის" კვლევის მიხედვით, საქართველომ ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ-ქვეყანაზე უკეთეს შედეგს მიაღწია და გაუსწრო ევროკავშირის 19 ქვეყანას, მათ შორის ავსტრიას, ესპანეთს, იტალიას, პოლონეთსა და უნგრეთს.
საქართველოს შედეგები ახლოსაა ბელგიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კორუფციის ბრალდებით მართლმსაჯულების წინაშე 72 თანამდებობის პირი წარდგა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში 47 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტების, გავლენით ვაჭრობის ფაქტებზე.