თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად მთავრობამ 14,3 მილიონი ლარი გამოყო.
განკარგულების თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ამ თანხას მუნიციპალიტეტებისთვის დროებითი ფინანსური დახმარების სახით გამოყოფს.
ქუთაისი მიიღებს 4 მილიონ ლარს, მესტია - 1,5 მილიონ ლარს, ზუგდიდი - 3 მილიონ ლარამდე, გარდაბანი - 4 მილიონ ლარს, წალენჯიხა - 500 ათას ლარს, ჩოხატაური - 300 ათას ლარს, ჭიათურა - 500 ათას ლარს, დედოფლისწყარო - 500 ათას ლარს.
ზოგადად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფომ საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებს 555,8 მილიონი ლარი გამოუყო.
დროებითი დახმარების გამოყოფა განპირობებულია იმით, რომ ამ დროისთვის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია, რადგან ახლად არჩეულ პარლამენტს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს კანონმდებლობით, წინა მოწვევის პარლამენტს არჩევნების შემდეგ სხდომების გამართვის უფლება არ აქვს.