თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბიძაშვილი, 61 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძაშვილებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს