ნოემბერში ევროპელი დიპლომატები საქართველოში პოსტსაარჩევნო ვითარებაზე იმსჯელებენ: ჰერჩინსკი

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იქნება დამოკიდებული მოვლენების შემდგომ დამოკიდებულებაზე, აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბრის სხდომაზე განიხილავენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებულ ვითარებას, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მიიღება, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა ადრე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა და მიუთითა იმ დარღვევებზე, რომლებიც როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს დაფიქსირდა. ბორელის განმარტებით, მან მოუწოდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სამშაბათს შეიკრიბოს საქართველოში არსებული რთულ ვითარების განსახილველად და საკითხი ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შეიტანა.
„საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ. ყველა ვარიანტი განიხილება. განსხვავებული ვარიანტები გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ გზებს მოითხოვენ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რაც შეეხება სანქციებს, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირის შემთხვევაში შემზღუდველი ზომების შემოღება, სანქციების შემოღება ერთსულოვნებას მოითხოვს.
ცხრა ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა>>
„უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას საჭიროებს. ეს ყველაფერი განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან და გადაწყვეტილებები საქართველოში მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით იქნება მიღებული”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის კვალიფიციური უმრავლესობა არის ევროკავშირის საბჭოს წევრთა არანაკლებ 55%, რომელიც წარმოადგენს მინიმუმ 14 ქვეყანას და ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს, რომლებიც ემხრობიან („კი“) ან ევროკავშირის საბჭოს არაუმეტეს 4 წევრისა, რომლებიც წინააღმდეგი არიან („არა“).
ერთი დღით ადრე ევროკომისიამ მიიღო გაფართოების ზომების ყოველწლიური პაკეტი; სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რასაც ევროკავშირი ეყრდნობა, და რომ ეს დე-ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
მანამდე ჰერჩინსკიმ არ გამორიცხა უვიზო რეჟიმის შეჩერება და ამას უწოდა ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირმა შესაძლოა აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ დისტანცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაიზარდება.
„გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ ამერიკამ და ევროკავშირმა საქართველოსგან დისტანცირება დაიწყეს - გაიყინა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილი და შეჩერდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი საუბარი ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე დაიწყო.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.
არჩევნები საქართველოში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.