აჭარაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციაზე სუბსიდიის ოდენობა გაიზარდა

ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზებაში 2024 წელსაც დაეხმარება და ციტრუსის სამეწარმეო გადამუშავებაზე სუბსიდიის ოდენობას ერთ კილოგრამზე 10 თეთრით გაზრდის, იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.
ციტრუსის რთველი საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხ თვეს გრძელდება. ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა. ამჟამად ადრეული ჯიშის მანდარინის კრეფა მიმდინარეობს.
სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა 10 თეთრით, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 30 თეთრის ნაცვლად 40 თეთრი იქნება.
მანდარინი
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად, ჩაქვში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
მანდარინი
საქართველოში ძირითადად მოჰყავთ „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინი, რომელიც იაპონური ჯიშის „საცუმას“ ჯგუფში შედის. მას გამოარჩევს კარგი გემოვნური თვისებები და ის ადვილად იფცქვნება. მაგრამ ერთი ნაკლიც აქვს - ამ ჯიშის მანდარინს შენახვის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს.
შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ციტრუსებს პარაფინით ამუშავებენ და უტარებენ დეზინფექციას. შეფუთვამდე მანდარინს ხელით არჩევენ. პროდუქციას, რომელიც საექსპორტოდ არ გამოდგება, გზავნიან გადასამუშავებლად, რომლისგანაც მანდარინის კონცენტრატი მზადდება და შემდეგ ფორთოხლის წვენში ემატება.