რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ერდოღანი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და მთლიანად რეგიონისათვის.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
„ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება”, – ნათქვამია ერდოღანის მილოცვის წერილში.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას, არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადა. მისი თქმით, გამოყენებული იყო ფალსიფიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, ხოლო „გაყალბების გასათეთრებლად“ თანამედროვე ტექნოლოგიები. მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სპეცოპერაცია და ხალხის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინება უწოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.