საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.