საქართველოში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს - პრემიერი

მთავრობის გეგმის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2028 წლისთვის 6,4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა - უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაზარდოს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალი - 6,4 მილიარდ დოლარამდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ მიიღო დაახლოებით 5,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, მათგან ოთხი მილიონი ტურისტი იყო.
„ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი გასული წლების განმავლობაში და აქაც ამოცანა არის ამბიციური - 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ, თუ გაგრძელდა პროცესები ისე, როგორც გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, პრემიერის თქმით, ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის 6,4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.