თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ლეჩხუმში რთველი აქტიურ ფაზაშია ამ ეტაპზე 860,348 კილოგრამი ყურძენია გადამუშავებული, იუწყება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
გადამუშავებული ყურძნის საერთო რაოდენობიდან ცოლიკაური არის 640.261 კგ; ტვიშის ცოლიკაური - 68.876 კგ; უსახელოური - 92.883კგ; ოჯალეში კი 29.328 კგ.
„წელს ყურძნის ხარისხი გაცილებით მაღალია”, - აღნიშნავენ უწყებაში.
მოსავლის დაბინავების პროცესში 35-ზე მეტი კერძო კომპანიაა ჩართული.
წელს ლეჩხუმში რთველი ისევე, როგორც რაჭაში ადრიანად დაიწყო, მოსავალზე გაიზარდა ფასი და 1 კილოგრამ ცოლიკაურზე შეადგენს 5 ლარს.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალია ცოლიკაური - 750 ტონა, ოჯალეში - 100 ტონა, უსახელოური - 98 ტონა.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს.
რაჭის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.