რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები

საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 859 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, აქედან 250,3 ათასი მამაკაცი და 608,9 ათასი ქალია. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 ოქტომბრისთვის.
1 იანვრის მონაცემებთან შედარებით პენსიონერების რაოდენობა 19,1 ათასით გაიზრდა. ამასთან, მამაკაცი პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 7,6 ათასით, ქალი პენსიონერების - 11,5 ათასით.
პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა. საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,3 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,9 ათასი მამაკაცია და 9,5 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი. ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთში.
საქართველოში 2025 წელს პენსიები გაიზრდება>>
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.