თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიულეტენებს სამი სტამბა დაბეჭდავს - ცესკომ პროცესის დამკვირვებლები უკვე დანიშნა, ნათქვამია კომისიის განკარგულებაში.
საქართველოში და უცხოეთში მდებარე 67 უბანზე საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად აჭარაში ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო ჩოხატაურსა და სამტრედიაში საოლქო წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულოს) შუალედური არჩევნები გაიმართება.
ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები დაიბეჭდება თბილისში მდებარე შემდეგ სტამბებში: „ფავორიტი სტილი”, „ფორმა“ და „ირიდესი“.
საარჩევნო ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან: ცესკოს ორ-ორი წევრი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის” (OSCE/ODHIR), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლები.
ცესკოს დადგენილებით, იმ ოლქებისთვის, სადაც პარალელური არჩევნები გაიმართება, სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება.
ბიულეტენში ორი სვეტი იქნება: პირველში იქნება მითითებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მეორეში - აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილე პარტიები.
ამომრჩეველი ერთი ბიულეტენის შევსებისას ხმას მისცემს ორივე არჩევნებზე - გააფერადებს წრეებს მის მიერ არჩეული პარტიების.
იგივე ამომრჩევლები, რომლებსაც პარალელურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში და გააფერადებენ წრეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის გასწვრივ და მეორე სვეტს შეუვსებელს დატოვებენ.
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალ ბიულეტენებში წრე უნდა გაფერადდეს და არა მოინიშნოს, ის უნდა განთავსდეს საქაღალდეში და არა კონვერტში და შემდეგ უკვე საარჩევნო ყუთში - ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.