არჩევნები არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის: ყველაფერი აჭარაში ხმის მიცემის შესახებ

აჭარაში არჩევნებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, 26 ოქტომბერს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს - საკანონმდებლო ორგანოს აირჩევს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის მთავრობას.
უმაღლესი საბჭო 4 წლის ვადით არჩეული 21 დეპუტატისაგან შედგება - უმაღლესი საბჭოს წევრებს ავტონომიის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო, თანაბარი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევენ. აჭარაში არჩევნებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 14 პარტია მონაწილეობს:
„კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი"
„ტიბუნა"
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"
„გახარია-საქართველოსთვის"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი"
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო"
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები"
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის"
„სამართლიანობისთვის"
„თავისუფალი საქართველო"
„საქართველო"
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".
თითოეული პარტიის პარტიულ სიაში მაქსიმუმ 30 ადამიანია - გამსვლელი ბარიერი 5%-ია.
9 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად დარეგისტრირებულია შვიდი ადგილობრივი ორგანიზაცია, არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ოთხმა მედიასაშუალებამ.
იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ამომრჩევლები არასტანდარტულ ბიულეტენებს მიიღებენ. 6 ოლქისთვის, სადაც უმაღლესი საბჭოს პარალელური არჩევნები გაიმართება, სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება.
ბიულეტენში ორი სვეტი იქნება: პირველში იქნება მითითებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მეორეში - აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილე პარტიები.
ამომრჩეველი ერთი ბიულეტენის შევსებისას ხმას მისცემს ორივე არჩევნებზე - გააფერადებს წრეებს მის მიერ არჩეული პარტიების.
იგივე ამომრჩევლები, რომლებსაც პარალელურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში და გააფერადებენ წრეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის გასწვრივ და მეორე სვეტს შეუვსებელს დატოვებენ.
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალ ბიულეტენებში წრე უნდა გაფერადდეს და არა მოინიშნოს, ის უნდა განთავსდეს საქაღალდეში და არა კონვერტში და შემდეგ უკვე საარჩევნო ყუთში - ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.