განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად 40 წლის იურისტი ალექსანდრე წულაძე დაინიშნა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
წულაძე აგვისტომდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი მუშაობდა სასამართლოებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი, მოკავშირე“, - განაცხადა წულაძემ ბრიფინგზე.
მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედ მინისტრ გიორგი ამილახვარს. ამილახვარმა პოსტი 28 სექტემბერს, საკუთარი სურვილით დატოვა.
„ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას", - განაცხადა წულაძემ.
მისი თქმით, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს.
„მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა წულაძემ.
განათლება:
2001-2006 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სპეციალისტი;
2009-2010 – რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტი, LLM;
2011-2016 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი.
სამუშაო გამოცდილება:
2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე ალექსანდრე წულაძე იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;
2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;
2010 – 2011 - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;
2007-2009 – იურიდიული კომპანიის იურისტი;
2005-2006 – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
ლექსანდრე წულაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.