კობახიძე: საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს ფულად ჯილდოს გადასცემს

კობახიძის განცხადებით, სპორტულ წარმატებასა და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა UFC-ის ჩემპიონებს - ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს, 1 მლნ ლარს გადასცემს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა, სექტემბერში კი მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგებაა.
„დღეს, UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3000 წლის მანძილზე გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი“, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
მისი თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.
„მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს“, - განაცხადა პრემიერმა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
ამ გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო - ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს (იგივე The Machine), ის UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს იგი 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.