თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურამ მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.
შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.
წყარო - შსს