საქართველოში ცოცხალი ღორის მთავარ იმპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება

ცოცხალი ღორის, ისევე როგორც გაყინული ღორის ხორცის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთიდან 19,3 მილიონი დოლარის ღირებულების 12.853 ტონა ცოცხალი ღორის იმპორტი განახორციელა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 8 თვეში ქვეყანამ მთლიანობაში შეიძინა 19,6 მლნ დოლარის ღირებულების 12.878 ტონა ღორი, რაც 20,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2023 წელს საქართველომ 16,3 მლნ დოლარის 10.857 ტონა პირუტყვი შეიძინა.
გასულ წელსაც ქვეყანაში ცოცხალი ღორების მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო, მოწოდების კუთხით მეორე ადგილზე იყო ბელარუსი.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ცოცხალი ღორები შემოიყვანეს დანიიდანაც - 306,6 ათასი დოლარის ღირებულების 24,4 ათასი ტონა.
ბოლო წლებში საქონლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში ცოცხალი ღორის მცირე მოცულობით იმპორტი განხორციელდა ბელარუსიდან, უკრაინიდან და ბურლგარეთიდან. წელს კი ჩამონათვალს დაემატა დანიაც.
ცოცხალი ღორის, ისევე როგორც გაყინული ღორის ხორცის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისა და გადაშენების პირას მყოფი ქართული ღორის პოპულაციის ზრდის მიზნით, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდმა და კომპანია Native Georgian-მ 2018 წელს „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყეს.
NATIVE GEORGIAN-ი ესპანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში ახლად დაფუძნებული კომპანიაა. ისინი ესპანეთში DERAZA IBERICO-ს ფლობენ, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიად არის აღიარებული.
5 ეტაპისგან შემდგარი პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო.
პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს. პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ დოლარს შეადგენდა.
მეორე ეტაპზე იგეგმებოდა 1,2 ათასი ღორის მოშენება და საქართველოს 9 რეგიონში ანალოგიური ფერმების მშენებლობა. აღნიშნული ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 3,5 მლნ დოლარი იყო.
მესამე ეტაპი - სოციალური ასპექტი, რომელიც მოიცავდა მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე მეტი წონის ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100-150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს.
მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებდა. ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 1,2 მლნ დოლარს შეადგენს.
მეხუთე ეტაპი კი ქართული ხამონის, რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობდა. ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ დოლარს შეადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, რეალიზაციის რომელ ეტაპზეა პროექტი.