თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის ავტოპარკი 10 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსით შეივსო, თვის ბოლომდე კი ახალი ავტობუსების რაოდენობა 25-მდე გაიზრდება, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
აჭარაში მუნიციპალური ავტოპარკის თანამედროვე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით განახლება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. გარდა ამისა, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება და წლის განმავლობაში მუნიციპალური ავტოტრანსპორტი დაახლოებით 13 მილიონ მგზავრს ემსახურება.
„ამ ეტაპზე შემოსულია 10 ერთეული ავტობუსი, ხოლო 15 ერთეული EURO-6 ტიპის ავტობუსით ავტოპარკის განახლება თვის ბოლომდე, ეტაპობრივად განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი ავტობუსი 100 მგზავრზეა და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
მგზავრთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს, ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები საჭიროებისამებრ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება.
გარდა ამისა, დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება.
ავტობუსების შეძენაზე 16 210 000 ლარი დაიხარჯა. ავტოპარკის განახლების ფარგლებში 70 მძღოლი დასაქმდა.
2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია.