თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. იწყება ახალი, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1,2 ათას სამხედრო მოსამსახურეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართულ ჯარზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისთვის მასშტაბური პროექტის განხორციელება 2020 წლის შემოდგომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო, რომელიც იმ დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. თბილისში, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის" მშენებლობა, სადაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ბინების შეღავათიან ფასებში შესყიდვა შეუძლიათ, 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და ამისთვის თანხები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.
„მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი. და, ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს, ზოგადად კი, ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები 1 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, ასევე იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება. სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ 50, 80 და 110 კვადრატული მეტრი ფართობის, თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებული ბინების შესყიდვას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით.
საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაა 200 დოლარი, მაგრამ სამხედროებს ამ თანხის დაახლოებით ნახევრის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ისინი შეძლებენ არა საბანკო კრედიტის, არამედ უპროცენტო შიდა სესხის აღებას.