თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთისთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავენ, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
როთი, რომელმაც მაისში მონაწილეობა მიიღო თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, თბილისში ჩამოვიდა. 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ პოლიტიკოსმა გასულ კვირაში სოციალური ქსელ X-ზე დაწერა.
„ეს ადამიანი ქართველი ხალხის და რწმენის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადებებით დაგვამახსოვრდა. მისგან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის წინააღმდეგ განცხადებები გვესმის. რატომ უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა ვისაუბროთ შეურაცხყოფისა და სიცრუის გამავრცელებელ ადამიანთან?“ - განაცხადა კალაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს სიმართლე და „თეთრზე თეთრი თქვას და შავზე-შავი”.
კალაძის თქმით, როთის ჩამოსვლა „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, რადგანაც ახლა ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, ინტერესიც არა მაქვს იმიტომ, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობთ, ყოველდღე ვხვდებით ამომრჩეველს. ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა", - განაცხადა კალაძემ.
როთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
საპროტესტო აქციებს ასევე შეუერთდნენ და შეკრებილთ სოლიდარობა გამოუცხადეს: ჩეხეთის - პაველ ფიშერი, პოლონეთის - ბოგდან კლიხი, ლიეტუვის - ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის - სებასტიან ტინკინენი - პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".