უმოკლესი გზა ბათუმიდან ახალციხემდე: ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიდის

განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ხულო–ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მიდის. განახლებული გზის წყალობით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება.
პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჯამში 47-კილომეტრიან გზას უტარდება. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება მეორე კი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება 95,7 მლნ ლარს შეადგენს.
გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა კი რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი.
ასევე რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილ მონაკვეთებზე.
პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზაზე და ინტენსიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე.
ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.
როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა და 2024 წლის ბოლომდე საქართველოში 90 კმ გზა აშენდება.