ქართული კომპანიები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენა SIAL SHENZHEN-ზე წარდგნენ

წელს გამოფენაში მონაწილეობა 45 ქვეყნის 15 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს NUTSGE, შპს „ნათს ინქორფორეითიდ", რ/კ რუისპირი, შპს „აქვა გეო", შპს „ჯეონატურალსი," შპს „ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა".
ღონისძიების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს.
SIAL SHENZHEN-ზე ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.
„ქართული სტენდზე, რომელიც ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი, ექვსი ქართული კომპანია თავის პროდუქციას წარადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ საქმიან მოლაპარაკებებში. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ ჩვენი კომპანიები, ფერმერები წარმოვადგინოთ საუკეთესო ფორმით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.
წელს გამოფენაში მონაწილეობა 45 ქვეყნის 15 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. გამოფენას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 67 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდა შენჭენისა, SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი, ნიუ-დელი, კუალა ლუმპური და ჯაკარტა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება.