თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა თეატრების საქმიანობის დარეგულირებას „თეატრების შესახებ“ ახალი კანონის დახმარებით აპირებს.
კერძოდ, ახალი კანონში განსაზღვრული იქნება თეატრების ტიპები, ასევე სახელმწიფო დაფინანსების ტიპი და ოდენობა.
გარდა ამისა, განისაზღვრება კომერციული თეატრების როლი და მათი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფორმები, ასევე მათი და სპეციალური საჭიროების მქონე თეატრების მიერ სახელმწიფო თეატრების ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ამასთან, კანონში სიახლე იქნება თეატრის რეჟისორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის როლების გამიჯვნა, მათი უფლებამოსილების და თანამდებობაზე დანიშვნის წესების განსაზღვრა.
ასევე, კანონში იგეგმება თეატრისა და თეატრის შემოქმედებითი პერსონალის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება.
საქართველოში სულ 53 თეატრია, აქედან 28 თბილისში, რვა კი იმერეთის რეგიონში. 2023 წელს თეატრებმა გამართეს 4.681 სპექტაკლი, მათ შორის 156 საზღვარგარეთ, რომელსაც 772 ათასი ადამიანი დაესწრო.
2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თეატრებში 4.236 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 1.192 - 55 წელს ზემოთ პირი.