აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართება

ფრინველებზე დაკვირვება - მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ სფეროში აჭარას დიდი გამოცდილება აქვს.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურიზმის მიმართულებაა, ბათუმში 19-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
შავი ზღვის სანაპირო და, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია.
აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და იგი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
ფესტივალის ფარგლებში რეგიონს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ფრინველებზე დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. მათი ჩართულობით დაინტერესებული მხარეებისთვის გაიმართება ლექცია-სემინარები, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებითა და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გაიარონ.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. ფესტივალის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა. მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.