ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიანი ბაზა შეიქმნება

ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება.
აღნიშნული ბაზის შექმნას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
როგორც შსს-ში განაცხადეს, პროექტის მომზადება განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობით გამოწვეული სირთულეებით.
„ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
უწყების ცნობით, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვ.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობა მოქნილსა და ეფექტიანს გახდის სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციონირებას და ასევე გაზრდის მათ მიერ მოპოვებული მონაცემების სანდოობის ხარისხს.