კობახიძე: გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია

პარამძლეოსანმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ პარამძლეოსანს, გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს მოასპარეზე ქართველმა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
„გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია“, - დაწერა მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში.
ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.