თბილისი, 1-ელი სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.