ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) კორპუსში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. მისამართზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში 27 და 52 წლის პირებს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „მრევლის“ ხელჩართული ჩხუბი სადარბაზოში, სადაც, სავარაუდოდ, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნარიმანის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში „მრევლს“ შორის ჩხუბი ხდება.