კობახიძე: განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლეს.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი შაორის ახალგაზრდული ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მნიშვნელოვნად განვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ახალგაზრდებს გეხებათ და ამ კუთხითაც გვექნება კონკრეტული ინიციატივები“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი განცხადებით, წელს პირველად ამოქმედდება მასშტაბური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 3500 კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს საჯარო სტრუქტურებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი, ინიციატივა განხორციელდება და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროგრამებში, მით უკეთესი”, - აღნიშნა პრემიერმა.
შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.
წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლეს. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.