თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებსა და ბულგარეთის პორტ „ვარნას" შორის ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორანი „აიათი” უახლოეს მომავალში განახლდება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებით, საბორნე მიმოსვლის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლა ბოლო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანიის „საზღვაო ხაზი ე60” (E60 Shipping Line) და „ბულგარეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
მხარეებმა სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოს და ბულგარეთის რკინიგზები რეგულარულად განახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
2023 წელს შუა დერეფნის გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია.
E60 Shipping Line არის ქართული წარმოშობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ დარგებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები, Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული მომსახურება.