რას ვჭამთ: ბათუმის ბაზარში ნაყიდ ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირი გამოვლინდა

ზღვის პროდუქტებით ქობულეთის სასუმროში მცხოვრები უზბეკეთის მოქალაქეები მოიწამლნენ
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქობულეთში ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ.
ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში Magnetic beach resorts (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები.
არაგეგმური ინსპექტირებისას სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით.
სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს ბათუმის თევზის ბაზარშიც, ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.
მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.
ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას ასევე დაევალა ბაზარზე სურსათის განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.