თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 31 წლის, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მიმდინარე წლის 6 ივნისს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 30 წლის მამაკაცი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს