სკანდალი საქართველო-ჩეხეთის მატჩის ირგვლივ: რა პრობლემები აქვს „დინამო არენას“ სტადიონს

ოფიციალური ვერსიით, „დინამო არენაზე“ რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება დროებით შეზღუდულია.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. 2024/2025 წლების სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში ფარგლებში საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართვის გადაწყვეტილებამ არაერთი ბრალდება გამოიწვია გულშემატკივრების მხრიდან, რომლებმაც მატჩის ბილეთების შეძენა ვერ შეძლეს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ მატჩს 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ამ მატჩით საქართველოს ნაკრები იწყებს გამოსვლას ერთა ლიგის B1 ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან. ფეხბურთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.
ბორის პაიჭაძის სახელობის მეორე, უფრო დიდი სტადიონი „დინამო არენა“ თითქმის 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი, მიხეილ მესხის სტადიონი კი 27 ათასზე ცოტათი მეტი ადგილია. ადგილების სიმცირის გამო ბევრმა ვერ შეძლო თამაშის ბილეთების შეძენა.
„დინამო-არენა“
ოფიციალური ვერსიით, უფრო მცირე ტევადობის სტადიონზე თამაშის გამართვის მიზეზი ისაა, რომ „დინამო არენაზე“ რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება დროებით შეზღუდულია.
როგორც „დინამო არენას“ სტადიონის დირექტორის, თემური პირტახიას ფეხბურთის ფედერაციისადმი 6 აგვისტოს გაგზავნილი ოფიციალური წერილიდან გახდა ცნობილი, სტადიონმა ფედერაციას მხოლოდ ერთი იარუსის გამოყენება შესთავაზა.
„ვინაიდან დინამოს არენას პირველი იარუსი, ექსპერტთა მოსაზრებით, საწირეობს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ, მხოლოდ მეორე იარუსით, ასევე ვიპ ლოჟით და სკაი ბოქსით, რომლითაც შეძლებთ 41 ათას მეტი მაყურებლის მასპინძლობას“,- წერია წერილში.
ის, რომ სწორედ ეს წერილი გახდა მატჩისთვის სხვა მოედნის მოძიების მიზეზი, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც დაადასტურა.
ლევან კობიაშვილი უეფას სხდომაზე
„როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი“, - განაცხადა კობიაშვილმა.
ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ფაქტორი, აღნიშნა მან.
„UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციიდან - მათი ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობიაშვილმა.
ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია, აღნიშნა მან.
საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩზე ბილეთები ერთ საათში გაიყიდა>>
ცნობილია კიდევ ორი ​​საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი, სადაც შემოდგომაზე დაგეგმილი თამაშები გაიმართება : 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-ალბანეთის მატჩი ჩატარდება, ხოლო 16 ნოემბერს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ - საქართველო-უკრაინის მატჩი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
7 სექტემბერი, საქართველო-ჩეხეთი,
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
„მილანის“ ლეგენდები საქართველოს ნაკრების ვეტერანებს თბილისში სექტემბერში შეხვდებიან>
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
თავდაპირველად, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩვეულებრივ 32 გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ 2017 წლის 10 იანვარს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა მონაწილეთა რაოდენობის 48-მდე გაზრდის შესახებ.