თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე გადავიდა. მანამდე ორივე საკონცერტო დარბაზი კულტურის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა.
შესაბამისი დადგენილება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა მოხდება.
ფილარმონია
© photo: Sputnik
კულტურის სამინისტრომ ორი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზების მართვის უფლება 2022 წლის მაისში მიიღო. რით არის გამოწვეული კულტურული ცხოვრებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მთავრობისთვის გადაცემა, ჯერჯერობით უცნობია.
Black Sea Arena
© photo: Sputnik / Stringer
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მეორე წელია მასპინძლობს კონცერტებს, რომლებსაც სახელმწიფო Starring Georgia-ს პროგრამით აფინანსებს - პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენს.
ჯგუფი Imagine Dragons
© courtesy of Imagine Dragons
2023 წლის ანგარიშის მიხედვით, პროგრამას მოგება არ მოუტანია - ორგანიზაციაზე დახარჯული 37 მლნ ლარის მიუხედავად, ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 15 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან პროექტის ფარგლებში კონცერტების ნაწილი სტადიონებზე გაიმართა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტებს შორისაა ისეთი შემსრულებლები და ჯგუფები, როგორებიცაა ბრუნო მარსი, Imagine Dragons, The Killers და Scorpions.