თბილისი, 16 აგვისტო − Sputnik. თბილისში, სოფელ დიღომში 37 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 წლის მამაკაცი გიორგი ქობულაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. კიდევ ორ დაკავებულს, 35 წლის და 19 წლის მამაკაცებს სამართალდამცველები ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებიან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 20 წლის მამაკაცია დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს, გიორგი ქობულაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 37 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მამაკაცი კახეთში დააკავეს.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობრები, რომლებმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო კიდევ ერთი ადამიანისთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.