თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშები შვიდი მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. საქართველოს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ).
ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).
მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ ბელგიას, ბულგარეთს, სერბეთს, ჩეხეთს, დანიასა და აზერბაიჯანს გაუსწრო.
აშშ-ის ნაკრებმა 126 მედლით პირველი ადგილი დაიკავა. ამერიკელმა სპორტსმენებმა 40 ოქროს მედალი, 44 ვერცხლი და 42 ბრინჯაო მოიპოვეს.
მეორე ადგილი ჩინეთის ნაკრებმა დაიკავა, რომელსაც ასევე 40 ოქროს მედალი ჰქონდა, ვერცხლის - 27, მესამეზე კი იაპონია 20 ოქროს მედლით გავიდა.
ოლიმპიური მასპინძელი საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა. ფრანგებს 63 მედალი აქვთ, აქედან 16 ოქროა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე (2020) საქართველომ რვა მედლით 33-ე ადგილი დაიკავა - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
პარიზამდე სამი ოქროს მედალი საქართველოს მხოლოდ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მოპოვებული. მაშინ საერთო გუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა დაიკავა 27-ე ადგილი - სამი ოქრო, სამი ბრინჯაო და არცერთი ვერცხლი.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.