Bakuriani-2025: ფესტივალის მომზადებისთვის საქართველოში სამთავრობო კომისია შეიქმნა

ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
მთავრობის განკარგულებით, კომისია ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას, ასევე, ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.
ბიატლონის ტრასა და ყინულის მოედანი თბილისში: რა ეტაპზეა მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის >>
კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეასრულებს.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.