თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 189 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ოთხი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 2.961 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა, 3.356 კი დაშავდა.
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 70% მოდის.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც 94 ავარიაში დაიღუპა 15 და დაშავდა 137 ადამიანი.
ავარიების სახეობები
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 759 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 41 და დაშავდა 1.246 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 798 ავარიის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 824 ადამიანი.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 377 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 359 ადამიანი.
ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის - მხოლოდ 8%.
ავარიების მიზეზები
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.
ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.