თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა გურიაში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
წარსულში ნასამართლევი 25 წლამდე მამაკაცი, მეტსახელად „ჯავა“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზეა დაკავებულია, ხოლო წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 23 წლის მამაკაცი - „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. მათ მატერიალური სარგებლის მიღებისა და ,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს დაზარალებულისთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც მისი ნათესავიც ესწრებოდა.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მეტსახელად „ჯავამ” საქმეში ერთ-ერთი „კანონიერ ქურდი“ ჩართო და ,,ქურდული გარჩევის“ შედეგად დაზარალებულს განსაზღვრულ დროში 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ მისმა ნათესავმა გადაიხადა.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.