საქართველოს მთავრობა რაჭაში ახალი კურორტების განვითარებას გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს რაჭაში ინვესტორებთან ერთად რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, გარდა ამისა ის იმყოფებოდა შოვში, სადაც ერთი წლის მეწყერმა 30-ზე მეტი ადამიანი იმსხერპლა
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ კი მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს რაჭაში ინვესტორებთან ერთად რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, იგეგმება უცხოური კომპანიების ჩართვა, რომლებიც მთავრობას პროექტების დაგეგმარებაში დაეხმარებიან. „ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი ასევე იმყოფებოდა შოვში, სადაც ერთი წლის საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პრემიერის განცხადებით, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, რაც იქნება „ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“.
შოვში ტრაგედიის ადგილზე ტაძარი აშენდება
„ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც კურორტი პრაქტიკულად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. კომპანია Geotesti-ს შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატური ცვლილება დაასახელეს.
კურორტ შოვის დამანგრეველი მეწყერის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის დამთხვევა გახდა, ეწერა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.