თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები წარუდგინა, რომლებიც ქვეყანაში უკანონო სახერხი საამქროებისა და ტყეების გაჩეხვისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს ითვალისწინებს.
ტყის უკანონო ჭრა და უკანონო სახერხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევებია. მხოლოდ ივნისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 156 ფაქტი გამოვლინდა.
„ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ტყე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ და სწორედ ამას ემსახურება ის პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამის კანონებში აისახება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ახალი მუხლი იქმნება სახერხის ტერიტორიაზე მრგვალი არამარკირებული მასალის განთავსების შემთხვევაში. ეს ამ დრომდე ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯებოდა, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. დიდი ოდენობის ამოღების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.
სანქცია მკაცრდება ხეტყის უკანონო გაჩეხა-დამზადებაზე. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უკანონო ჭრისთვის 5-დან 7 წლამდე საპატიმრო სასჯელი დაწესდება. გამკაცრება შეეხება ხის მასალის უკანონო ტრანსპორტირებასაც - აქ სასჯელი 3-5 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს და სამი მოსმენის შემდეგ ძალაში შევა.