თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს - ვიზიტორთა რაოდენობამ უკვე 1,3 მილიონს გადააჭარბა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე. რეგიონი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.
„აჭარაში ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურია... რაც შეეხება მიმდინარე საზღვაო ტურისტულ სეზონს, უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 8%-ით მეტია“, - განაცხადა რიჟვაძემ.
მთავრობის სხდომაზე რიჟვაძე ბათუმში საცობებისა და საპარკინგე ადგილების ნაკლებობის საკითხს შეეხო. მისი თქმით, ახალ საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი.
„ამგვარად, მიმდინარე საზღვაო ტურისტულ სეზონზე ბათუმს 1000 ახალი საპარკინგე ადგილი დაემატება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება საცობებს, რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის გახსნა საცობებით გამოწვეულ დისკომფორტს მინიმუმამდე შეამცირებს.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. დაგეგმილია 14 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 20 სახიდე გადასასვლელის და 5 გვირაბის მშენებლობა. ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
ამჟამად ერთადერთი გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.
პროექტის შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად აჭარის საკურორტო ზონაში საცობებს განტვირთავს, რაც სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.
საზღვაო სეზონი
ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 10 ივნისს გაიხსნა. აჭარის მთელ სანაპიროზე მოწყობილია პლაჟები, სადაც მაშველები უზრუნველყოფენ დამსვენებლების უსაფრთხოებას. წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სეზონს სრულიად განახლებული სამაშველო აღჭურვილობით შეხვდნენ.
სტაციონარული ლოკაციების გარდა, ისინი ასევე პატრულირებენ პლაჟის ზონას. განსაკუთრებით მკაცრი წესები მოქმედებს შტორმის დროს, როდესაც მაშველები მკაცრად აკვირდებიან, რათა ადამიანები წყალში არ შევიდნენ.
2023 წელს აჭარაში შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 4.691,633 შეადგინა, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის და 10,4%-ით მეტი 2019 წლის მაჩვენებელზე.