თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ისრაელი ლიბანურ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან" და ლიბანთან ომს მიუახლოვდა, განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა გოლანის მაღლობზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.
შაბათს, 27 ივლისს გოლანის მაღლობზე მომხდარი საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის არიან ბავშვები. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.
„ჩვენ ვუახლოვდებით „ჰეზბოლასთან" და ლიბანთან სრულმასშტაბიანი ომის მომენტს... ჩვენ მათ გადავუხდით სამაგიეროს“, - ციტირებს პორტალი Ynet კაცის სიტყვებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომის ბოლოს მოძრაობა დამარცხდება, ლიბანი კი სერიოზულად დაზარალდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივლისის ღამეს ისრაელის ავიაციამ დარტყმები განახორციელა „ჰეზბოლას" რიგ ობიექტებზე.
„ღამით, ისრაელის ავიაციამ დარტყმები განახორციელა „ჰეზბოლას" ტერორისტულ სამიზნეებზე, როგორც ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში, ისე ლიბანის სამხრეთში“, - ნათქვამია Telegram-არხზე გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ჰეზბოლამ" „ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“.